среда, 1 октября 2008 г.

სკოლის ისტორია 1918-1941 წლებში

ჩვენი სკოლა ცნობილ პირველ ქართველ ქალს მოქანდაკე-მხატვარს თამარა აბაკელიას (თ. აბაკელიას ცნობილი სურათებია: „კოლმეურნის ოჯახი“, „ქეთევანი“, „შურისძიება“, „სასიხარულო ამბები ფრონტიდან“, „`გიორგი სააკაძე“, „ვეფხისტყაოსნიდან“ ილუსტრაციები, „ბათუმის მუშათა დემონსტრაცია“...სახალხო მხატვარს _ უჩა ჯაფარიძეს აქვს შესრულებული მისი ცნობილი პორტრეტი) დაუმთავრებია (ო. ფირალიშვილი, „თამარა აბაკელია“, 1956). იგი გარდაიცვალა 1953 წელს 48 წლის ასაკში. 1954 წელს, ბათუმში, თ. აბაკელიას გარდაცვლიდან წლისთავზე მოეწყო მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა (ასეთივე გამოფენები იყო თბილისში, ქუთაისსა და სოხუმშიც).
სიით სულ 287 მოსწავლეა. მათში რამდენიმე ნაცნობი გვარია: ბაბილინა ხაინდრავა (ჩვენი სკოლის მასწავლებლის ელიკო ქუთათელაძის დედა), თამარა და ლუდმილა ბექაიები _ მამიდაჩემები; პელაგია და ქეთევან საბახტარაშვილები.

აქვე არის დირექტორ ლ. სახაროვას ბიოგრაფიაც. დაბადებულა 1865 წ. პეტროგრადში. დაუმთავრებია ქერჩის ქალთა გიმნაზიის 7 კლასის მთელი კურსი ოქროს მედლით, შემდეგ ამავე სასწავლებლის დამატებითი კურსი და მიუღია წოდება домашней наставницы.

ცნობებია სხვა მასწავლებლებზეც. უმეტესობას განათლება რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ჰქონია მიღებული.

ფონდი 122/313
1926/27 წ.წ.


მასწავლებლები: ჟორჟოლიანი, ნ. ცინცაძე, გიორგი ჩხაიძე, არჩილ ჭელიძე, ბეგიაშვილი, ლუარსაბ ანთაძე, ნიკიფორე გეგელია, მ. მითაიშვილი, ნინა კაკაბაძე, მუჯირი.

ფონდი 122/313.

10-ა კლასის ხელმძღვანელი ი. გვარჯალაძე.
ხუთი მე-5 კლასია. ხელმძღვანელები: ხოფერია, ცინცაძე, დადიანი.
ოთხი მე-6 კლ. ხელმძღვანელები: თ. ხომერიკი, მ. მითაიშვილი, ირ. აფხაზავა, ნ. ჟორჟოლიანი.
სხვა კლ. დამრიგებლებიცაა: ნ. მუჯირი, ლ. ანთაძე, ვ. ქავჟარაძე, ა. ჩიხლაძე, ი. გელაშვილი, გრ. ჭყონია, გიორხელიძე.

1929 წ. უსწავლია საქ. დამსახ. ექიმ ტ. გეგენავას, კ. გეგენავას, ლ. უკლებას (საოლქო კომ. მეორე მდივანი), ჯანიკაშვილ ილიას (ომში დაიღუპა), სირაძე შოთას (გამომცემლობა `ცოდნა~-ს სწავლული მდივანი), ქეთო ალასანიას (უნივერსიტეტის ლექტორი), ქიქავა როსტომს (ონკოლოგ. საავადმყოფოს მთავარი ექიმი), სალიხ აბაშიძეს (ინფექც. საავადმყოფოს მთავარი ექიმი), ოთარ ფარეიშვილს (ბათუმის პედ. ინსტიტუტის ლექტორი), სოსო ჩხაიძეს (სტომატოლოგიური პოლიკლინიკის მთ. ექიმი), აფაქიძე ვალიკოს (ექიმი, მუშაობდა მოსკოვში), ზინაიდა აფაქიძეს (თამბაქოს ქარხნის დირექტორი).


1934 წ. მასწავლებელთა სიაა:

1. კაკაბაძე ნინა
2. ნაჭყეპია ნინო
3. ქიქავა რადიე
4. ხალვაში ხაჯიე
5. ებრალიძე პატკუ
6. ჭედია ლუბა
7. იმნაიშვილი ანეტა
8. მესხია მარიამ
9. წივწივაძე ნადეჟდა
10. თვალაძე მარიამი
11. მჟავანაძე ბიქტორი
12. ხომერიკი თამარ
13. ფირცხალავა მარიამ
14. ფირცხალავა ლიდა
15. ჩხაიძე თამარ
16. ჭანტურია მელო
17. ჭანიშვილი ქსენია
18. ბენძენაძე ოლია
19. მჟავანაძე მატრონე
20. სარიშვილი თინა
21. ქორიძე ქსენია
22. ჯორბენაძე ვერა
23. ხომერიკი თეო
24. სოხაძე ანა
25. კაკაბაძე ნადეჟდა
26. ბოცვაძე ვახტანგ
27. მეფარიშვილი ლუბა
28. სიორიძე თამარ
29. წივწივაძე შუშანა
30. ვახტანგაძე ალექსანდრე
31. ბახტაძე მარიამ
32. კალანდარიშვილი მარიამ.

როგორც საარქივო მასალებიდან ჩანს, ამ მასწავლებლების დიდი ნაწილი შეთავსებით სხვადასხვა სკოლებშიც მუშაობდნენ.

1934/35 სასწ. წ. 7 სექტემბრიდან დირექტორად დანიშნულია გრიგოლ გორგაძე. მისი მოადგილეა ქსენია ვასაძე.

გრიგოლ გორგაძის პიროვნების შესახებ ბევრი რამ გავიგე: 37 წ. გადაუსახლებიათ. ორი ვაჟი ჰყოლია (ახლა ვერ მივაგენი). გორგაძე ყოფილა შესანიშნავი პიროვნება, სპეციალისტი, დირექტორი. განსაკუთრებით ყვარებიათ უფროსი კლასის ბიჭებს. მის დროს სკოლა ყოფილა მოწინავეთა რიგებში.

შემორჩენილია იმდროინდელ მასწავლებელთა სია:

1. მატრონა მჟავანაძე _ I კლ. მასწ.
2. ელენე წვერავა _ II კლ. მასწ.
3. მარიამ შარაძე _ IV კლ.
4. ქსენია ჟორდანია _ III კლ.
5. ავსოსი მებურიშვილი _ მათემატიკის
6. კონა გიგინეიშვილი _ ქართული ენის
7. ალ. ტუზოვა _ რუსული ენის
8. თამარა სიორიძე _ გერმანულის
9. გრიგოლ გოლეთიანი _ გეოგრაფია-ბიოლოგიის კაბინეტის გამგე
10. პროკოფი მამეიშვილი _ გეოგრაფიის
11. მიხეილ მითაიშვილი _ ისტორიის
12. პარმენ ჯინჭარაძე _ პარტ.ისტორიის
13. სილოვან დადუნაშვილი _ ფიზიკის
14. შალვა ესებუა _ ქიმიის
15. მარგო პოლონიკაშვილი _ ხატვის
16. ლუდვიგ ფირცხალავა _ ხაზვის
17. ალ. ვახტანგაძე _ შრომის
18. ევტიხი პაიჭაძე _ შრომის
19. იაკობ გრძელიშვილი _ სამხედრო
20. ეუბ საკანდელიძე _ ფიზკულტ.
21. არტემ მარგალიტაძე _ მათემატიკა, ფიზიკა, ასტრონომია
22. ქეთო ცხომელიძე _ ბიოლოგიის
23. ალ. ფარცხალაძე (შემდგომში მუსიკალური სკოლის დირექტორი) _ სიმღერის
24. გ. გელეიშვილი _ პედოლოგი
25. კოტე ჯინჭარაძე _ მუსიკის
26. დავით კორძაია _ სკოლის ბუხჰალტერი
27. ტერენტი ხავთასი _ სასულე ორკესტრის ხელმძღვანელი
28. ანგელინა ბორჩხაძე _ საქმის მწარმოებელი


1936 წ. _ დირექტორი ს. ქარუმიძეა. მოადგილეები: თემელა ბეჟანიძე, გრ. გოლეთიანი.

ბათუმში ს. ქარუმიძეზე ვერაფერი მოვიპოვე. არქივში, ბათუმისა და თბილისის ტელეფონების წიგნებშიც ეს გვარი თითქოს სპეციალურად არის ამოშლილი. არავინ არაფერი იცის. და უცბად სასწაული: ექ. გინეკოლოგი მემნუნე უსტიაშვილი მიყვება: ძალიან კარგად მახსოვს, ჩვენი დირექტორი იყო. ოჯახი თბილისში ცხოვრობდა. 37 წ. დააპატიმრესო. იყო დაბალი, მსუქანი და ძალიან სანდომიანი შესახედავი. ასწავლიდა გერმანულს. სტუდენტობის დროს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაგვიყვანეს პრაქტიკაზე. იქ ეზოში ბევრი ავადმყოფი იყო. მათში მე ჩვენი დირექტორი ვიცანი. მისკენ გავიწიე, მაგრამ მან ძალიან ფრთხილად თითი მიიდო ტუჩთან _ გაჩუმდიო. ძალიან გამიკვირდა. მერე, როცა ბათუმში დავბრუნდი ახლობლებმა მითხრეს, 37-ში დააბრალეს რაღაცა და ნერვიულობით ფსიქიატრიულში მოხვდაო. შემდეგ მასწავლებლებმა _ ნინა კაკაბაძემ, ფარცხალაძემ, მ. ჩიტაიშვილმა, ბ. დადუნაშვილმა მითხრეს _ მგონი საავადმყოფოში დახვრიტესო.

მ. უსტიაშვილის მონაყოლიდან:
მასწავლიდნენ ისეთი დიდი მასწავლებლები, როგორებიც იყვნენ: კონა გიგინეიშვილი, მ. ჩიტაიშვილი, ა. ტუზოვა, ცხომელიძე, ქარუმიძე, ნ. კაკაბაძე. წარჩინებული სწავლისთვის მე და ოთარ გოცირიძე (მოსკოვში მოღვაწეობდა) 100 მან. დაგვაჯილდოვეს. ეს მაშინ ძალიან დიდი ფული იყო. ჩხიკვიშვილები _ დათო და ირაკლი (დათო საქ. განათლების მინისტრი იყო) ჩემთან სწავლობდნენ.

1937 წლის რეპრესიებს შეეწირა ამ სკოლის კიდევ ერთი დირექტორი _ ირაკლი ღლონტი. მასზეც ვერაფერი გავიგე. ამბობდნენ გაგვიგია, რომ ძალიან მაგარი დირექტორი იყოო. ისიც გავიგე, სად ცხოვრობდა, მაგრამ თითქოს ახლაც ეშინოდათ, არავინ მასზე არაფერი არ იცოდა. მერე დავიწყე თბილისში ძებნა. ღლონტების 80 ოჯახში დავრეკე. არავინ არაფერი იცოდა. ყველანაირი იმედი რომ დავკარგე, სწორედ მაშინ მივაგენი. ჩემს შვილ ზაზასთან თბილისში მოვიდნენ მისი რაგბისტი მეგობრები. ლაპარაკში გავიგე, რომ ერთ-ერთი ირაკლი ღლონტი იყო. გაოცება რომ გამოვხატე და მოვუყევი ჩემი გასაჭირი, მან გაიცინა: ცირა დეიდა, მაგ ირაკლის პატივსაცემად დამარქვეს მეც ირაკლიო. იგი ჩემი ბაბუას ძმა ყოფილა და მთელი ოჯახი 1937 წელს ამოუწყვეტიათო. სახლში მხოლოდ პატარა სურათი (ისიც ჩუმად) გვაქვს და ხელჯოხი წარწერით: „6ბ კლასის მოსწავლეებისაგან საყვარელ ირაკლი მასწავლებელს 1925 წ.! “მან სურათიც და ჯოხიც მომიტანა. ახლა ორთავე ჩემთან დარჩება, სანამ სკოლაში მუზეუმი გაიხსნება.

Комментариев нет:

Отправить комментарий