среда, 1 октября 2008 г.

ელემენტარული სკოლა

მოხდა ისე, რომ ჩვენი სკოლა ორად გაიყო. პირველი კლასიდან მეექვსე კლასის ჩათვლით გადავიდა ოთხსართულიან შენობაში (შესასვლელი ეზოდან). მეექვსე კლასიდან მეთერთმეტემდე დარჩა ძველ შენობაში. ახალ სკოლას `ელემენტარული სკოლა~ ეწოდა. მას დაენიშნა ახალი დირექტორი, მოადგილე. ნაწილი მასწავლებლებისა შეთავსებით მუშაობდა `ელემენტარულში~, დიდი ნაწილი კი დაკომპლექტდა ახალი პედაგოგებით. თითო კლასი ოთხ-ოთხი, ხშირად ხუთიც იყო. ამდენი კლასისთვის პირველ ხანებში ოთახები არ იყო. შემდეგ კი დიდი ოთახები გაიყო, ძველი სამუშაო (არასაკლასო) ოთახები შეკეთდა და ამხელა რაოდენობა ბავშვებისა საოცრად ლამაზად განლაგდა ჩვენი სკოლის ახალ შენობაში. დირექტრად დაინიშნა მეტად საინტერესო ქალბატონი რუსიკო კვახაძე. მასზე ბევრი კარგი მქონდა გაგონილი, მაგრამ ნანახით გავოცდი (მეც გადავედი ამ სკოლაში).

დავიწყოთ იმით, რომ სკოლა ბაღნარი გახადა. ყველა კუთხე-კუნჭულში, დერეფნებში, საკლასო ოთახებში დიდი ქოთნებით იდგა აყვავებული ბუჩქები. არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე ბავშვს ერთი ყვავილიც კი მოეწყვიტოს. კედლებზე მოსწავლეთა ნახატები, მათი ხელით ნაკეთი ნივთები იყო გაკრული. სისუფთავე, სიწყნარე სუფევდა სკოლაში. ყოველ დილით დირექტორი, თითქოს საზეიმოდ, კიბეებთან ხვდებოდა მოსწავლეებს. უფრო საინტერესო სანახაობა იყო, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ როგორ აცილებდა მათ.

მალე სკოლა მთელს ქალაქში განთქმული გახდა _ სანიმუშო მასწავლებლებით, განსაკუთრებით კი _ დაწყებითი კლასის მასწავლებლებით. მათ დაემატა ახალი ახალგაზრდა, ენერგიული მასწავლებლები და სკოლასაც სახელი გაუვარდა, როგორც სანიმუშო, მისაბაძ სკოლას.

სასწავლო ნაწილის გამგეები ნატო ურუშაძე და ნანა ფაღავა გონივრულად და ტაქტიანად ხელმძღვანელობდნენ სწავლებას. ტარდებოდა ღია სასკოლო და საქალაქო გაკვეთილები; ეწყობოდა საინტერესო ღონისძიებები, შეხვედრები ქალაქის მოწინავე საზოგადოების წარმომადგენლებთან. მოსწავლეებისთვის ეწყობოდა გასართობ-სანახაობითი ღონისძიებები. როგორ შეიძლება მოსწავლეებს დაავიწყდეთ მათთვის სკოლაში გამართული საახალწლო კარნავალები. დირექცია მასწავლებლებსაც უწყობდა სიურპრიზებს. ერთი ასეთი სასწაული მეც გამიკეთეს:

იყო პირველი მაისი, ჩემი დაბადების დღე, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული სამუშაო დღე. ჩავატარე ყველა გაკვეთილი. ბოლო მეხუთე გაკვეთილი მეოთხე სართულზე მქონდა. მომეჩვენა, რომ ცოტა გაგრძელდა. ზარიც დაირეკა და კლასში შემოვიდა მუსიკის მასწავლებელი ნანა შარაშიძე. ხელში ვარდი ეჭირა, გამომიწოდა, მერე ხელკავი გამიკეთა და კარებისკენ წამიძღვა. დერეფანში სასწაული სიჩუმე იდგა. მერე შევამჩნიე, რომ კიბეებამდე დერეფანში ყვავილებით ხელში მოსწავლეები იყვნენ ჩამწკრივებული. უცებ მუსიკის ხმაც გავიგონე: `გილოცავთ! გილოცავთ!~ შემომეხვივნენ. მეხვევიან, ყვავილებს მაწვდიან. მე-4 სართულიდან პირველ სართულამდე, არც ვიცი, როგორ ჩამომიყვანეს. ვიცინოდი და ცრემლებს მე კი არა, მასწავლებლებიც ვერ იკავებდნენ. ამდენი ბავშვი დერეფნებში, კიბეებზე ჩამწკრივებული ყვევილებით ხელში თვითონ ყვავილებს გავდნენ. პირველ სართულზე კი ყველა მასწავლებელი, დირექტორი, მშობლები (ტევა აღარ იყო) დამხვდნენ. მეხვეოდნენ, მილოცავდნენ, თან ყველა მღეროდა: გილოცავთ! გილოცავთ! ყვავილებში გამახვიეს. ამის აღწერა ძალიან ძნელია. მასწავლებლისთვის ასეთი ლამაზი დაფასება იშვიათად თუ ხდება ახლანდელ სკოლაში. ისე კი, როგორი საჭიროა!?

ყვავილებთან ერთად, ყველაფერი ამის ამსახველი ვიდეოფირი მომართვეს. 50 წელი სკოლაში ვარ. დედაც და მამაც ხომ პედაგოგები იყვნენ, არც მათგან გამიგია ასეთი რამე. ეს მარტო მე არა. ასეთი პატივი ბევრ სხვასაც მიაგეს.

Комментариев нет: