среда, 1 октября 2008 г.

სამამულო ომის წლები

ომი რომ დაწყებულა, ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები მოხალისედ წასულან. ნაწილი არ დაბრუნებულა. ჩვენი სკოლის მასწავლებელმა დოდო ქინქლაძემ და მაშინ სრულიად ახალგაზრდა ცირა კვაჭანტირაძემ შეუძლებელი შეძლეს და ყველა მათგანის ვინაობა დაადგინეს. მათი სურათები დირექტორის კაბინეტის წინ იყო გამოფენილი (ც. შარაძის დირექტორობის დროს). დ. ქინქლაძემ და ც. კვაჭანტირაძემ მოახერხეს მათ ახლობლებთან კავშირი. დაჰყავდათ პიონერები და ოქტომბრელები მათთან შესახვედრად, სურათების წინ ყვავილნარი იყო და მუდმივი ცეცხლი ენთო. შემდეგ ეს სურათები გაქრა (რემონტის მერე). ყველა ცნობა, ალბომები, მათი წერილები ჯარიდან ინახება დოდო ქინქლაძის, თამრიკო და დოდო ჭანტურაიების ოჯახებში. დიდი წილი მასალისა იქ ჩემიც არის. სად წაგვეღო, ველოდით დროს.


ამ გამოშვების მოსწავლეებმა ატესტატი მიიღეს 1941 წლის 22 ივნისს, სამამულო ომის გამოცხადების დღეს.თითქმის ყველა იბრძოდა დიდ სამამულო ომში. მათ შორის კუკულაძე, ჯაველიძე, გოგოძე. დაიღუპნენ: ბორის დოლიძე, ჯიბლაძე, ვოვა ჯორბენაძე. მათ შეიძლება "ღიმილის ბიჭები" ვუწოდოთ.

ამ კლასში სწავლობდნენ:
1. ნოდარ ალანია _ ფილოლოგი, ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერებათა დოქტორი
2. მიხეილ ხვინგია _ აკადემიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მისი ძმაც ამ სკოლაში სწავლობდა: ლეო ხვინგია _ სკოლა დაამთავრა 1943 წელს.
3. ვაჟა ჩხაიძე _ ექიმი, საქართველოს სისხლის გადასხმის ინსტიტუტის უცვლელი მთავარი ექიმი. დიდი ხანი არ არის, რაც გარდაიცვალა. მისი ძმა _ რეზო ჩხაიძემ (უფროსი 2 წლით) დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. იყო ტექნოლოგი. სამამულო ომის დროს იყო ავია გამანადგურებელი მფრინავი. მასზე ძალიან ბევრი იწერებოდა გაზეთებში.
4. გალაქტიონ სიხარულიძე (კუსა) _ ფილოლოგი, პედაგოგოიურ მეცნიერებათა დოქტორი.
5. მამია კუკულაძე _ ტექნოლოგი.
6. გივი გორდეზიანი (სწავლობდა თსუ-ში იურიდიულ ფაკულტეტზე)
7. გივი ჭანიშვილი _ პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი
8. ჟორა გოგოძე _ ინჟინერი.
9. ლარისა ქიქოძე _ ექიმი
10. ლილი ჩიგოგიძე _ ექიმი
11. დოდო ქინქლაძე _ პედაგოგი
12. ლეილა ნადარეიშვილი _ ინჟინერი, არქიტექტორი.
13. ნინა ვასაძე _ ექიმი
14. თეიმურაზ ხავთასი
15. ალექსანდრე (შურა) ჯაველიძე _ არქიტექტორი
16. მერი ბორჩხაძე _ პედაგოგი და სხვები.

ზემოთ ჩამოთვლილი კლასელებისაგან ამჟამად ცოცხალია სიხარულიძე კუსა, ქიქოძე ლარისა, ბორჩხაძე მერი.
ამ კლასის მასწავლებლები იყვნენ ნული კლასიდან: იმნაძე ელენე და ლოლუა მარო. შემდეგ კლასებში: კვაჭაძე თამარ, გიგინეიშვილი კონა, კასრაძე ვიქტორი, ალექსანდრა ტუზოვა, სიორიძე თამარ, ცხომელიძე ქეთო, ბარქაია თამარ, ლორთქიფანიძე გრიშა (დირექტორი). წინა კლასებში მათთან სწავლობდნენ ძმები ბიჭუნა და ვალიკო კანდელაკები, დავით და ირაკლი ჩხიკვიშვილები, ბიჭიკო ცინცაძე (კალისტრატე ცინცაძის შვილიშვილი), გენო მგალობლიშვილი, როსტომ ქიქავა, ლევან აბაშიძე, ოთარ გოცირიძე და სხვები.

მომდევნო კლასში 1942 წლის კურსდამთავრებულები იყვნენ: თავბერიძე ნოდარ, არობელიძე გოგი, ნემსაძე ოთარ, გორგაძე თემურ, ფარცხალაძე მერაბ, იორაშვილი ნანული, ჩხატარაშვილი ლილი (ნუნუს და), ეთერ მელაძე, დარჩია ნუნუ, ბარაბაძე ნუნუ, ორჯონიკიძე დიანა და სხვები.
1943 წლის კურსდამთავრებულები იყვნენ: იორაშვილი კოტე, კვახაძე ნელი, ჭიჭინაძე ჟალე, კახეთელიძე ნათელა, გრიგოლია ლარისა, კუხიანიძე ჯანიკო, ბერძენიშვილი ლენა.

1944 წელს სკოლა გაიყო ქალთა და ვაჟთა სკოლებად. გოგონების ნაწილი გადაიყვანეს #1 ქალთა სკოლაში (შაუმიანის ქუჩაზე), ხოლო ნაწილი _ #2 ქალთა სკოლაში (პუშკინის ქუჩაზე). ჯინჭარაძის ქუჩაზე (ყოფილი გურიის შესახვევი) ყოფილ #4-ე სკოლას ეწოდა #1 ვაჟთა სკოლა.

1945 წ. (ომის დამთავრების წელს) იყო #1 ვაჟთა სკოლის მეორე გამოშვება. აქ იყვნენ: გივი ჯინჭარაძე, კოკა ჭავჭანიძე, დიმიტრი (ხუტუ) ბაძგარაძე, ნოდარ სიხარულიძე, ფუსო (კარლემ) ცინცაძე, ალიოშა გრიგოლია, ტრისტან სიხარულიძე, ოთარ კაჭახიძე, ნოდარ სვანიძე, იური დვალი, ოთარ მიქაძე, იური ცინცაბაძე, ჭუკა (ედუარდი) ჯოჯუა, კუკური მეფარიშვილი, ვახტანგ ქაშიბაძე, კოკა ჭავჭანიძემ და იური დვალმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს.

1941 წლის გამოშვების მოსწავლეთა უმეტესობა ეწეოდა შემოქმედებით ცხოვრებას (განსაკუთრებით ვაჟები). ნოდარ ალანია იყო ბრწყოინვალე ფილოლოგი. შურა ჯაველიძემ სკოლის პეწრიოდში დაწერსა პიესა ”დაუთ”, რომელიც დაიდგა მასწავლებელთა სახლის სცენაზე. აგრეთვე პიესა ”გარიჟრაჟზე”. მის სამწერლო (დრამატურგიულ) მოღვაწეობას ხელი შეუშალა სამამულო ომმა. ომიდან დაბრუნებულმა გადაწყვიტა, გამხდარიყო არქიტექტორი. ეს კი განაპირობა არქიტექტორ, საბჭოთა კავშირის გმირის ირაკლი ციციშვილის მიერ ომში ბრძოლის დროს მტრის მიერ აფეთქებული ხიდის ორ დღეში აშენებამ.

ეს ცნობები 2009 წლის აგვისტოში მომაწოდა შურა ჯაველიძის დამ _ ქეთინო ჯაველიძემ. იგი ჩვენს სკოლაში დაწყებით კლასებში სწავლობდა და მას ასწავლიდნენ თურმე მატრონა მჟავანაძე, იულია გეგია, ბაბო ლორთქიფანიძე.
მასთან ერთად სწავლობდნენ: ინასარიძე მარგო, ვასაძე გივი, ზინა გეგუჩაძე, ჟორა დოხნაძე, სოსო მიქელთაძე, ნოდარი სვანიძე, ფხაკაძე ლილი, ახობაძე ეთერი, ჯაყელი თალიკო (კახა თარგამაძის დედა), მაყვალა ტუღუში, კაჭახიძე ოთარი, ნათელა კვაშალი, დარეჯან მეგრელიძე, იური კანდელაკი, ეთერი ბერძენიშვილი, თინა სარჯველაძე, მერი საჯაია, მერი ცხოიძე (ნოდარ დუმბაძის მუზა), მეოთხე კლასიდან მერი გადაიყვანეს სოფ. ხიდისთავში, სადაც იზრდებოდა ნოდარ დუმბაძესთან ერთად.

ამ კლასელებზე სურათები მომაწოდა ვაჟა ჩხაიძის მეუღლემ _ ჯავახაძე ნანულიმ (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი)






1941 წლის კურსდამთავრებულები ნულ კლასში. ხელმძღვანელი მარო ლოლუა საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი








1941 წლის კურსდამთავრებულები 10-ე კლასში. I რიგი: ?, ნადია კანაპლია, დოდო ქინქლაძე, ეთერ ნიკოლაიშვილი, თალიკო სადრაძე. II რიგი: ბიოლოგიის მასწავლებელი დარეჯან ლომთათიძე, ლიტერატურის მასწავლებლები: ვიქტორ კასრაძე, მარია ბარქაია; გრიშა ლორთქიფანიძე _ ისტორიის მასწავლებელი, სკოლის დირექტორი, მათემატიკის მასწავლებელი _ თამარ კვაჭაძე, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი; ფიზიკის მასწავლებელი _ ელენე მჟავანაძე; III რიგი: მამია კუკულაძე, ვლადიმერ (ვოვა) ჯორბენაძე (კომკავშირის მდივანი) მანონი ხელაია, მერი ბორჩხაძე, ნინა ვასაძე, ლარისა ქიქოძე, ძაბული ხელაია; IV რიგი: ჟორა გოგოძე, გიორგი ჯიბლაძე, თემურ ხავთასი, ვაჟა ჩხაიძე, კუსა (გალაკტიონ) სიხარულიძე, შურა (ალექსანდრე) ჯაველიძე.




1941 წლის კურსდამთავრებულები სტუმრად მასწავლებლებთან

I რიგი: ?, მერი ბორჩხაძე, ბიოლოგიის მასწავლებელი დარეჯან ლომთათიძე, შურა ჯაველიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი _ თინა სიხარულიძე, ლილი ჩიგოგიძე, მათენმატიკის მასწავლებელი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი _ თამარ კვაჭაძე, მათემატიკის მასწავლებელი _ ლალიკა (ვლადიმერ) თალაკვაძე; II რიგი: ვაჟა ჩხაიძე, ქეთო ლალებაშვილი; III რიგი: მიშა ხვინგია, ლარისა ქიქოძე, ჯუკული გამსახურდია, კალანდაძე, თემურ ხავთასი, მარგო უგრეხელიძე, დოდო ქინქლაძე.

მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელთან _ თინა სიხარულიძესთან


სტუმრად მშობლიურ სკოლაში, 1971 წლის ოქტომბერი

მარცხნიდან მარჯვნივ: კუკური კაკაბაძე, სიკო (თემურ) ხავთასი, გივი გორდეზიანი, ვაჟა ჩხაიძე, რეზო მხეიძე, ლელიკო ქიქოძე, გივი ანთელავა, გივი კვაჭანტირაძე, გივი ფანცულაია


მოსწავლეების გარდა მასწავლებლებიც გაიწვიეს ჯარში. დირექტორი გრიშა ლორთქიფანიძე მოხალისედ წასულა. დირექტორად მისი მოადგილე ქსენია დარჩენილა. ლორთქიფანიძე დაჭრილი დაბრუნდა, მაგრამ ახალგაზრდა მასწავლებელი _ სასწავლო ნაწილის გამგე გრ. ხინიკაძე არ დაბრუნებულა ფრონტიდან.

ჯარში წასულა სკოლის ცეკვის მასწავლებელი საშა ჯიჯეიშვილი. ისიც და სხვა ბიჭებიც მატარებელზე მთელ სკოლას გაუცილებია.

ჩვენი სკოლადამთავრებული ნაჭყეპია გენერალი გახდა. კარლო კარკალაია _ მაიორი, ჩხაიძე რეზო (შემდგომში სოხუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რექტორი) გმირობაზე იყო წარდგენილი (საბუთები დაკარგულა).

ჩვენი ეზოდანაც (სკოლის წინ) პატარაია, გაბაშვილი, სულაქველიძე, მალაზონია არ დაბრუნებულან. დედები ტიროდნენ, უპალტოოდ როგორ გავუშვითო.

შემდეგ მალაზონიას მამამ პოეტმა ნესტორ მალაზონიამ შვილის ხსოვნას შესანიშნავი ლექსი უძღვნა _ „მოდიან შვილო ჯარისკაცები“.

16 წლის ვახტანგ ბერეჟიანი გაპარულა ფრონტზე, ტანკისტი ყოფილა, დაჭრილა, მოეწამლა სისხლი და ძალიან მძიმე მდგომარეობაში დაბრუნდა. მალე წამებით გარდაიცვალა.

სკოლაში გაძლიერებული სამხედრო სწავლება შემოიღეს. I სართულზე დერეფნის ბოლოში მარცხენა მხარეს პატარა ოთახში სამხედროებმა დააყენეს დანადგარები. ოთახი გაავსეს აირწინაღები (შემდეგ ეს ოთახი გავანთავისუფლე დანადგარებისგან და ჩემი რუსული ენის კაბინეტი იყო).

მასწავლებელი თამარა კვაჭაძის ნაამბობიდან: სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, როცა ლორთქიფანიძე ჯარში წაიყვანეს. სასწავლო ნაწილის გამგე ქ. სვანიძე დიპლომზე წავიდა. სკოლაში მე დავრჩი. აკანკალებული, ყოველ წუთს ვღებულობდი ფრონტიდან ჩვენი ბიჭების დაღუპვის ამბებს. ვალოდია სანიკიძე (შემდგომში ამავე სკოლის დირექტორი) მაშინ იყო საოლქო კომიტეტში კომკავშირის მდივანი. გამომიძახა და მაცნობა, სკოლა ნიღბებით გადარბენაზე უნდა წავიდეს მწვანე კონცხამდეო. მხოლოდ ბიჭები იყვნენ გამოძახებული. მშობლებმა გოგონებიც მოიყვანეს, ეგება თამარა მასწავლებელს გოგონებიც უნდაო. არც ერთი ბიჭი არ დაგვკლებია. დილით ქანცგაწყვეტილები დავბრუნდით.

თამარა კვაჭაძე. ბათუმში ყველა იცნობდა თამარა მასწავლებელს, საქ. დამსახურებულ მასწავლებელს, ლენინის ორდენოსანს. ყველა, ვისთვისაც მას უსწავლებია, დიდი სიყვარულით იგონებს: ყველას როგორ შეგვაყვარა მათემატიკა და, რაც მთავარია, მასწავლებლობაო. მისი ყველა გაკვეთილი ყოველთვის საინტერესო იყო. არ არსებობდა მისთვის სუსტი, უდისციპლინო მოსწავლე. იყო ძალიან მკაცრი და ძალიან მომთხოვნი. ატარებდა საქალაქო, საოლქო გაკვეთილებს, მეტად საინტერესო მათემატიკურ საღამოებს. მიუხედავად დიდი უბედურებისა (სამი შვილი გარდაეცვალა), სითბოსა და სიყვარულს გამოხატავდა თითოეული მოსწავლის მიმართ.

1982 წლით არის დათარიღებული მისი ყოფილი მოსწავლის მიხეილ ხვინგიას (ხვინგია მიხეილ ვლადიმერის ძე _ საქართველოს მეცნირებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე) წიგნი „მექანიკური რხევების გამოყენებითი თეორიის საფუძვლები და მანქანათა დინამიკა“. „მორიდებით გჩუქნით ჩემო საყვარელო მასწავლებელო“ _ აწერია წიგნს. ასეთი წიგნები და საჩუქრები იქნება ომარ გვარიშვილის ოჯახშიც. იგი, ალბათ, არ დაიზარებს სკოლის მუზეუმისთვის პატივცემული და საყვარელი თამარა მასწავლებლის ნივთებს.

Комментариев нет: