среда, 1 октября 2008 г.

დირექტორები

დავით (დურსუნ) მახარაძე. სანამ ჩვენს სკოლაში დირექტორად დანიშნავდნენ, მე მასწავლიდა გეოგრაფიას #2 ქალთა სკოლაში. გაკვეთილის დაწყებამდე სკოლის დირექტორი ნადია მაჭუტაძე და სასწ. ნაწილის გამგე თინა ცქიტიშვილი შემოდიოდნენ და გვაფრთხილებდნენ: აბა, თქვენ იცით, როგორ შთაბეჭდილებას დატოვებთ ბატონ დავით მახარაძის გაკვეთილზეო. საინტერესო თხრობით, დიდი ცოდნა-გამოცდილებით მალე შეგვაყვარა თავი. ვამაყობდით, რომ დურსუნ მახარაძის მოსწავლეები ვიყავით.

მისი დირექტორობის ხანა ამ სკოლისთვის ყველაზე საინტერესო ხანაა. სკოლას, სწავლებას და ყოფაქცევას ისეთი დიდი ყურადღება ექცეოდა, რომ თავისი შვილი ყველას დურსუნ მახარაძის სკოლაში უნდოდა მოეყვანა. შემოკრებილი ჰყავდა მართლა რჩეული პედაგოგები. ტარდებოდა შესანიშნავი ღონისძიებები. ყველანაირ ოლიმპიადაზე სკოლა ყოველთვის პირველი იყო. ბატონი დურსუნის დროს მოდიოდნენ სკოლაში 40-50 წლის წინ სკოლადამთავრებულები, სამახსოვროდ ტოვებდნენ საჩუქრებს, ადრესებს.



დირექტორის კაბინეტში, 1957 წელი
სხედან: დავით მახარაძე (დირტექტორი), ლია ჩაკვეტაძე, თამარა შარაძე, იუნა მადოიანი, ვასო ჩახვაძე (სასწ. ნაწილის გამგე), ლეილა ჩხაიძე, გრიშა ჩიხლაძე, გერონტი კანდელაკი, ცაცა სოსელია (გერმანული ენის მასწავლებელი)



სკოლაც ყოველთვის დღესასწაულის დონეზე ხვდებოდა მათ. ზღვა საარქივო მასალაა #1 სკოლის მოსწავლეთა პიონერულ, კომკავშირულ ცხოვრებაზე. სკოლაში კაბინეტური სისტემა იყო შემოღებული. ყველა საგნს საუკეთესო კაბინეტი ჰქონდა. მისი დირექტორობის დროს დირექტორი საკუთარი კაბინეტიდან უსმენდა ყველა გაკვეთილს (ისედაც ხომ ხშირად ესწრებოდა გაკვეთილებსა და ყველა ღონისძიებას).


სკოლაში მკაცრი და სამართლიანი დისციპლინა იყო. სკოლა მასწავლებელთა და მოსწავლეთა შრომისუნარიანობით ტრაბახობდა.
დურსუნ მახარაძის დირექტორობის დროს აღზრდილი ხალხი ედგა სათავეში არა მარტო აჭარის, არამედ საქართველოს მრავალი რაიონის დაწესებულებებს, წარმოებებს, განათლების ორგანოებს... სწორედ მისი დირექტორობის დროს ოქროს მედალზე დაამთავრეს სკოლა ამავე სკოლის მოსწავლეებმა, შემდეგ დირექტორებმა (დიდი ხნის მერე) ციალა შარაძემ და ლერი ჭანტურაიამ.

სხვებთან ერთად მეც გული მწყდება, რომ სახლს, რომელშიც დ. მახარაძე ცხოვრობდა, მემორიალური დაფა არ ამშვენებს. იგი ყველა ადამიანური, მოქალაქეობრივი თვისებით ამას იმსახურებდა.

არც სკოლაში ინახება ასეთი დიდი მოამაგის სურათი.


ზია კომახიძე
ცნობილი პედაგოგი და საგანმანათლებლო საქმის ამაგდარი, გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი, აჭარის დამსახურებული მასწავლებელი, დიდი ქველმოქმედი, შესანიშნავი გვერის ბრწყინვალე წარმომადგენელი ზურაბ (ზია) ხარიტონის ძე კომახიძე 1971-1980წ. ჩვენი სკოლის დირექტორი იყო.
აჭარაში მან პირველმა გადაიყვანა სკოლა კაბინეტურ სისტემაზე. გახადა სკოლა რესპუბლიკაში სანიმუშო. სკოლას მიუშენა ახალი 4 სართულიანი შენობა. ჩაუტარა რეკონსტრუქცია სკოლის სააქტო დარბაზს.
მოაწყო პირველი და ერთადერთი რესპუბლიკაში გეოგრაფიის სასწავლო მოედანი.
ბატონი ზურაბის გამოცდილება განზოგადებული იყო გაზეთ "სახალხო განათლებასას" და ჟურნალ "სკოლა და ცხოვრებაში".
იყო ბათუმის განათლების განყოფილების გამგე. ბოლოს კი ბათუმის განათლებისა და კულტურის მუზეუმის დირექტორი.
სკოლამ ბატონი ზურაბის 80 წლის იუბილე და პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლისითავი აღნიშნა დიდი ზეიმით 2006 წ. 20 თებერვალს. ამით სკოლამ ერთხელ კიდევ დაადასტურა დიდი სიყვარული და პატივისცემა ბატონი ზურაბის მიმართ.























ციალა შარაძე _ #1 სკოლის არსებობის მანძილზე ყველაზე ახალგაზრდა და მშვენიერი ქალბატონი, ჩვენი სკოლის აღზრდილი (ოქროს მედალზე დაამთავრა). სკოლაზე უსაზღვროდ შეყვარებული. მისი დირექტორობის დროს სკოლა მართლა პირველი იყო აჭარაში. მოსწავლეთა პიონერული და კომკავშირული ორგანიზაცია, სკოლის მოსწავლეთა კომიტეტი, მასწავლებელთა მეთოდური გაერთიანებები, მასწავლებელთა პარტიული მეცადინეობები, სპორტული ღონისძიებები _ აი, დაახლოებით ის, რის სისტემატურ კონტროლსაც აწესებდა დირექტორი. დილა იწყებოდა სახელმწიფო ჰიმნითა და დილის გამამხნევებელი ვარჯიშით ეზოში. ყველა კლასი _ თავისი ხელმძღვანელით იდგა მისთვის განკუთვნილ ადგილას. გაცდენა, დაგვიანება აკრძალული იყო. ეს ვარჯიში კი არა, სანახაობა იყო.



პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე


ფორმიანობას და მოსწავლეთა დღიურების წარმოებას დიდი ყურადღება ექცეოდა. დამრიგებელი ვალდებული იყო ყოველ კვირას, მისთვის განკუთვნილ დღეს, შეეტანა მისი კლასის მოსწავლეთა დღიურები დირექტორთან (იგი ამოწმებდა და ხელსაც აწერდა). ამით მოწესრიგებული იყო სკოლასა და მშობელს შორის კავშირი.


მასწავლებელთა მეთოდგაერთიანების ხელმძღვანელები ატარებდნენ ჯერ შიდა სასკოლო ღონისძიებებს, შემდეგ _ საქალაქოებს. ყველა საგანში ტარდებოდა ღია სასკოლო და საქალაქო გაკვეთილები.

მასწავლებელთა ყოველკვირეული პარტიული მეცადინეობები ტარდებოდა უშუალოდ საოლქო და საქალაქო კომიტეტებიდან მომაგრებულთა დასწრებით.

სკოლის ბიბლიოთეკა ატარებდა შესანიშნავ ღონისძიებებს.

მოსწავლეთა კომიტეტი (ხელმძღვანელები იყვნენ წარჩინებული მოსწავლეები: ნატო აბაშიძე, თამრიკო ჭანტურაია, გ. მეგენეიშვილი, ე. ფილიშვილი, არმაზ ახვლედიანი) სკოლის ყველანაირ საქმიანობას განაგებდა, იგი პასუხისმგებელი იყო ყველაფერზე.

კედლებზე გაკრული იყო წარჩინებულ მოსწავლეთა სურათები.

სხვადასხვა ორგანიზაციებში, ც. შარაძის მოთხოვნით, შემოღებული იყო დაფები, სადაც სისტემატურად აღინიშნებოდა ამ წარმოების მოსამსახურის შვილების (რომლებიც ჩვენს სკოლაში სწავლობდნენ) გვარები, ცალკე მოწინავე და ცალკე _ ჩამორჩენილთა.

მთელ შენობაში, ეზოში, ბუფეტში, საპირფარეშოებში სანიმუშო სისუფთავე იყო.

დილით იღებოდა ეზოს კარები და გაკვეთილების დამთავრებამდე ვერავინ ვერ გადიოდა უნებართვოდ.

დილიდან გვიან საღამომდე დირექტორი კაბინეტში კი არა, სკოლაში იყო. უშუალოდ თვითონ ამოწმებდა ყველაფერს. შიშის ზარს სცემდა არა მარტო მოსწავლეებს, არამედ პედაგოგებსაც.

არდადეგების დროს როგორც კლასები, ისე მასწავლებლები კოლექტიურად მიდიოდნენ ექსკურსიებზე.


სააქტო დარბაზში ტარდებოდა ძალიან საინტერესო ღონისძიებები, გამოშვების ტრადიციული საღამოები.

დირექტორს მუშაობაში გვერდით ედგა მასწავლებელთა მეგობრული კოლექტივი. ყველა საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტა ხდებოდა გაკვეთილების შემდეგ დირექტორის კაბინეტში.

განსაკუთრებულად მომზადებულად ტარდებოდა პედაგოგიური საბჭოს სხდომები მეოთხედების დასაწყისში და დამთავრებისას.

ყოველთვის მკაცრი და სამართლიანი იყო დირექტორისა და სასწ. ნაწ. გამგის ბატონ ნიაზ მახაჭაძის მოხსენებები. ხშირად სხდომებს მოსწავლეთა კომიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ნიკოლოზ (ნიაზ) ალექსის ძე მახაჭაძე _ 1962 წლიდან პენსიაზე გასვლამდე სკოლის დირექტორის მოადგილე.
ბატონმა ნიაზმა 1945 წელს დაამთავრა ჩვენი სკოლა _ ბათუმის #1 ვაჟთა საშუალო სკოლა. ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა. ბრწყინვალე პედაგოგი, კარგი აღმზრდელი, უცვლელი სასწავლო ნაწილის გამგე, რომლის სახელი მარად დარჩება სკოლაში.

1 комментарий:

asmati комментирует...

დიდი მადლობა, ნაშრომისთვის, შემთხვევით წავაწყდი თქვენს ნაშრომს,ამის უკან დგას თქვენი დიდი სიყვარული, ერთგულება თქვენი პროფესიისადმი, ღმერთმა უმრავლოს ერთგული ხალხი ქვეყანასა და ჩვენს საქმეს, თაობები ეზიარებიან ამ სკოლის ისტორიას თქვენი ნაშრომის მიხედვით.

გ მ ა დ ლ ო ბ თ.

აჭარის ა.რ.უმაღლესი საბჭოს
განათლების,მეცნიერების,კულტურისა და სპორტის კომისიის თავჯდომარე
ასმათ დიასამიძე