среда, 1 октября 2008 г.

სახალისო დოკუმენტური ისტორია

კლასის ყველა დამრიგებელი თავის კლასთან საინტერესო და ორიგინალურ ღონისძიებებს ატარებდა. ერთ-ერთი მეც ვიყავი.

საგრძნობლად გაიზარდა მოსწავლეთა კონტინგენტი. სკოლაში 1300-ზე მეტი მოსწავლე ირიცხებოდა. ერთ-ერთ კლასსაათის მსვლელობის დროს ჩემმა მოსწავლეებმა მთხოვეს, რაიმე ძალიან საინტერესო გაგვეკეთებინა, რათა ვინმეს თანხა გადმოერიცხა ჩვენთვის ბლაგოევგრადში ექსკურსიაზე წასასვლელად (გარდა აჭარის ღირსშესანიშნავი ძეგლების დათვალიერებისა, ვიყავით ვარძიაში, კახეთში, თბილისში _ თბილისობაზე, შემდეგ _ ნ. დუმბაძის ძეგლისა და მზიურის დასათვალიერებლად).


ხელვაჩაურის რაიონში იყო „ხელვაჩაურის რაიონის მეცხოველეობის სანაშენე მეურნეობა“, რომლის დირექტორი იყო საქ. დამსახურებული აგრონომი, ომის ვეტერანი, ორდენოსანი, სოციალისტური შრომის გმირი ბატონი შალვა კონსტანტინეს ძე ჩხაიძე. მისი ქალიშვილი შემდეგ ჩვენ სკოლაში რუსულ ენას ასწავლის _ მზია ჩხაიძე. წავედი მასთან ხელვაჩაურში, ვთხოვე რამე საქმე გამოეყო ჩვენთვის, რათა შემდეგ აღებული თანხა ექსკურსიისთვის გამოგვეყენებინა. დამიბარა, ერთი კვირის შემდეგ მობრძანდით, აუცილებლად გამოგინახავთ ჩვენთვისაც და თქვენთვისაც სასარგებლო საქმესო (დირექციამ ეს ღონისძიება ძალიან მოგვიწონა).

საღორის ფერმიდან გამოგვიყო 25 ახლად გაჩენილი გოჭი. უნდა მოუაროთ, გაზარდოთ, გაზაფხულზე ჩავაბარებთ სახელმწიფოს და, რაც ეღირება თქვენი შრომა-გარჯა, გადაგერიცხებათო.

თვითონ შეგვიდგინა სამუშაო გრაფიკი.

წავიყვანე ყველა ჩემი მოსწავლე, გავაცანი. მან წაგვიყვანა ფერმაში, გვაჩვენა ჩვენთვის გამოყოფილი ფერმის ნაწილი, გვაჩვენა გოჭებიც და სასტიკად გაგვაფრთხილა: თუ გსურთ მუშაობა, უნდა იმუშაოთ ისე, რომ ჩემგან, ფერმის არც ერთი მუშაკისგან შენიშვნა არ მიიღოთ, თორემ პირველსავე შენიშვნაზე უარს გეტყვით და უკან გაგიშვებთო.

გადაწყდა ასე: ყოველ პარასკევს, გაკვეთილების შემდეგ, ბატონი შალვა გვიგზავნიდა ავტობუსს, რომელსაც მხოლოდ სამი დასაჯდომი ჰქონდა, დანარჩენები ფეხზე იდგნენ სახელურებზე ჩამოკიდებულები. მოსწავლეები მომზადებულები (საჭმელი მოჰქონდათ და გამოსაცვლელი ტანისამოსი) მივყავდით ფერმაში. ჩვენ კუთვნილ ტერიტორიას ვასუფთავებდით, გაგვქონდა ნაგავი, გოჭებს ვაჭმევდით და ვბანდით. ამ ყველაფერს ვასწრებდით 2-3 საათში. მოსწავლეები ისეთი სიცილით და ყიჟინით მუშაობდნენ, რომ სწრაფად დაიმსახურეს ფერმის მუშაკების სიყვარული და პატივისცემა.

ასე გრძელდებოდა ყოველ პარასკევს. მთელმა სკოლამ იცოდა და იცნობდა ჩვენს ავტობუსს. არდადეგების დროსაც იგივე მეორდებოდა.

საღორეში პირველად 25 სექტემბერს მივედით უკვე სამუშაოდ. ორ თვეში გოჭები გაიზარდნენ. ყველა გოჭს მოსწავლეებმა საკუთარი სახელებიც კი დაარქვეს, გამორჩეული გოჭი ზაზა დიდიასი იყო.

ბატონმა შალვამ ერთ-ერთ სამუშაო დღეს გვითხრა: გოჭები გაიზარდნენ, მართლა კარგად უვლით, შეგიძლიათ სახლში ნარჩენი საჭმელიც მოუტანოთო. რა თქმა უნდა, ყველამ სიხარულით მოიტანა შემდეგ პარასკევს ცელოფანის პარკით საჭმელი. ჩიგოგიძე რამაზსა და თოლორაია დათოს თურმე საკუთარი საჭმელი მიუციათ გოჭებისთვის და თვითონ მშივრები დარჩენილან. ხშირად ავტობუსის გასვლის დროს მშობლებსაც კი მოჰქონდათ გოჭებისთვის საჭმელი.

ჩვენი შრომის ამბავს ხშირად ვაგებინებდი დირექციას. ერთხელ ფერმიდან მადლობის ბარათიც კი მიიღო სკოლამ. ალბათ, ამანაც შეგვიწყო ხელი და გამოცხადდა სკოლაში: ვისაც შეუძლია, საჭმელების ნარჩენები (გადაყრის მაგივრად) მოიტანოს სკოლაშიო. ჩვენი ბუფეტის წინ დაიდგა დიდი ყუთი, რომელშიც ინახებოდა საკვების ნარჩენები ორშაბათიდან პარასკევამდე.

ზამთარში მეგონა ბავშვებს ან გაუჭირდებოდათ, ან მობეზრდებოდათ, მაგრამ არა. უფრო დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობდით. უკვე ახლო იყო გაზაფხული. გოჭები ღორები გახდნენ, თითო 100 კგ-ზე მეტს იწონისო,-გვითხრეს ფერმაში/ ვანგარიშობდით 28 მოსწავლეს, რამდენიმე მასწავლებელსა და მშობელს თუ გვეყოფოდა ექსკურსიისთვის მიღებული თანხა. რამდენჯერმე სკოლის ფოტოგრაფი ჩანტლაძეც წამოგვყვა და გადაგვიღო სურათები. ჩვენი შრომა არა მარტო სკოლაში, არამედ მთელ ქალაქში გახდა ცნობილი.

ხელშეკრულების თანახმად, მუშაობა აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში უნდა დაგვემთავრებინა. ბავშვები უკვე ისე შეეჩვივნენ ყოველი პარასკევის დადგომას, რომ სინანულით აღნიშნავდნენ _ ნეტავ გაისადაც თუ გვამუშავებენო.

დათქმულ დროს ბანკში ფული არ დაგვხვდა გადარიცხული. მუშაობა უკვე შეწყვეტილი გვქონდა, ვემზადებოსით სასწავლო წლის დამთავრებისათვის, მერე ექსკურსია გვაქვს წინ. მივედი მეურნეობაში. შემიშვეს დირექტორთან. იგი ძველებური ღიმილით არ შემხვდა, ფული კი არა, საციხე საქმე გააკეთეთ და ალბათ თქვენ თქვენი მოსწავლეებით სასამართლოში დაგიბარებენო.
ფერმაში, საღორეში, გაჩენილა საშინელი დაავადება ბრუცელიოზი. ამ ამბავმა შეძრა რესპუბლიკის ხელმძღვანელობა. სასწრაფოდ გადაწვეს მთელი საღორე (მხოლოდ საღორე) და ამხელა ღორებიც დახოცეს. ზარალი ძალიან დიდი იყო. ჩვენი 25 ღორის გარდა, იქ უამრავი ღორი იყო.
ჩვენ გვადანაშაულებდნენ _ საჭმელი არსაიდან შემოდიოდა თქვენს გარდაო. საჭირო ორგანოებმა დაიწყეს გამოძიება. ჩვენ შეწუხებულებიც ვიყავით და შეშინებულაბიც. რვა თვის შრომა სულ წყალში ჩაგვეყარა. ბოლოს იპოვეს მიზეზი და ჩვენც გადავრჩით. თურმე საოლქო კომიტეტის ერთ-ერთ თანამდებობის პირს _ ხვიჩიას (მისმა ორმა შვილმა ჩვენი სკოლა დაამტავრა) ქობულეთში აჩუქეს გოჭი. მან იგი ცოტა ხნით (საპირველმაისოდ) მიიყვანა ჩხაიძესთან ფერმაში. იგი მას ამაზე უარს ვერ ეტყოდა. ცოტა ხანში ჯერ ქობულეთში და შემდეგ ჩვენს ფერმაშიც იფეთქა ეპიდემიამ. ჩვენ გადავრჩით. ექსკურსიაზე, რა თქმა უნდა, ვერ წავიყვანე ჩემი მშრომელი მოსწავლეები. ისინი აქეთ მანუგეშებდნენ _ არა უშავს, გაისად კიდევ რაღაცას მოვიფიქრებთ და მაინც წავალთო.
მოსწავლეების შრომამ დიდი მოწონება დაიმსახურა და შემოდგომაზე ციტრუსის საკრეფადაც კი მიგვიწვიეს.
იმ წლის აგვისტოში გაზეთ „სახალხო განათლების“ ერთ-ერთ ნომერში აღნიშნული იყო _ თბილისის რომელიღაც სკოლის მე-8 კლ. დამრიგებლის დიდი შრომა, რისთვისაც მისთვის დამსახურება მიუნიჭებიათ. მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს ხბო გაუზრდიათ. რა თქმა უნდა, გული დამწყდა ძალიან.

Комментариев нет: