среда, 1 октября 2008 г.

მოგონებები მოსწავლეებზე

ალექსანდრე ლორია

ნაწყვეტი მოგონებებიდან „წარსულის ექო“

სკოლა

1. საიდუმლო გაფრთხილება

ერთხანს, როცა უკვე შედარებით მოზრდილები ვიყავით, სკოლაში დაინერგა რადიოინფორმაცია. დილით, თუ მთლად არ „იქცეოდა“ ქვეყანა, ეზოში გავყავდით სავალდებულო წესით და სადილაო ვარჯიშს ვატარებდით. ვარჯიშის დასრულებისას, თუ მანამდე (აღარ მახსოვს), რადიოთი ჩვენი ზაალ კაკაბაძე რაღაც ინფორმაციებს გვაწვდიდა. შიგა რადიოკვანძის გადამცემი პუნქტი ფიზიკის კაბინეტში იყო, მეორე სართულის ბოლო საკლასო ოთახში. კაბინეტს მართავდა პედაგოგი, ფიზიკის მასწავლებელი გრიშა ჩიხლაძე _ განსაკუთრებულად გამორჩეული პიროვნება, რომლის ძალიან გვეშინოდა და რომელიც ძალიან გვიყვარდა.

ბატონი გრიშა, ეტყობა, პედანტობამდე მოწესრიგებული კაცი იყო. როგორც წესი, სისტემატურად აწარმოებდა პედაგოგის დღიურს, რომელშიც მომავალი სასწავლო დღის გეგმაც იწერებოდა. გეგმაში მითითებული იყო, რა თემაზე იქნებოდა გაკვეთილი, რას ახსნიდა და რა დრო დაეთმობოდა ამას, რა დრო დაეთმობოდა გამოძახებას და ვის გამოიძახებდნენ.

ფიზიკის კაბინეტის ბატონ-პატრონი ბატონი გრიშა იყო, ჩვენი ზალიკა მხოლოდ დიქტორობდა. გაუღებდა კარებს, თვითონ სამასწავლებლოში მიდიოდა კოლეგებთან სამასლაათოთ. ზაალმა როგორღაც აღმოაჩინა ეს დღიური და გაიგო, ვის გამოძახებას აპირებდა იმ დღეს მასწავლებელი. ჰოდა, როგორც კი მოათავებდა საქმეს, გარბოდა, გაეფრთხილებინა ბიჭები, ვისაც ელოდა გამოძახება. ისინი თავს აკლავდნენ წიგნს, ემზადებოდნენ, სხვები კი არხეინად გრძნობდნენ თავს.

ასე გრძელდებოდა კარგა ხანს. არა მარტო ჩვენი კლასელები, სხვაც ბევრი გადაურჩენია ზაალს.

ერთხელ ყური მოვკარი, ბატონი გრიგოლი როგორ ელაპარაკებოდა ქალბატონ თამარ შარაძეს _ ჩვენს კლასის ხელმძღვანელს, რომ მისი მოსწავლეები საგრძნობლად გამოსწორდნენ და სასაყვედურო არაფერი ჰქონდა. კარგად ვერ მოვისმინე, რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ, მგონი, დედააზრი სწორედ ეს იყო.

იმდენად მივეჩვიეთ ამგვარ ყოფას, რომ ფიზიკას წინასწარ აღარ ვამზადებდით. ზაალი გვეტყოდა დილით, ვის უპირებდნენ დალაშქვრას, და ისიც მაშინვე ჩაუჯდებოდა სახელმძღვანელოს და ფიზიკის გაკვეთილის დადგომამდე მასალას სულაც „გადაღეჭავდა“.

ასე ვიყავით არხეინად.

ერთხელაც მოხდა ისე, რომ გამოიძახეს ერთი ჩვენი ამხანაგი, რომელიც იმ დღეს არ იყო გაცხადებული მასწავლებლის გეგმაში. შეიძლება პედაგოგმა შენიშნა, ძალიან არხეინად და, ცოტა არ იყოს, თავაშვებულადაც რომ იქცეოდა მოსწავლე (გვარს განზრახ არ ვასახელებ) და გადაწყვიტა დაესაჯა.

თავზარდაცემული მოსწავლე, არხეინად რომ იყო აქამდე, გაოგნდა:

_ მე რატომ უნდა გამომიძახოთ, პატმასწ? _ იკითხა გაკვირვებულმა, _ ამის წინ ხომ გამომიძახეთ?

_ ჰოდა, მაგიტომაც უნდა გამოგიძახო სწორედ!.. რა, არ მაქვს ნება? _ ცოტა არ იყოს, გაცხარდა ჩვენი მასწავლებელი, და პასუხი რომ ვერ მიიღო და ვერც გაკვეთილის ცოდნა ვერ გამოავლინა ჩვენმა მეგობარმა, აქამდე არხეინად რომ გრძნობდა თავს, კარგი კუდიანი „ორიანი“ მიიღო და გაკვირვებულმა დაიჭირა თავისი ადგილი.


2. უნებლიე დამნაშავენი

სკოლაში ბოლო გაკვეთილი გამოვიდა. ერთბაშად ასობით მოსწავლე გამოეფინა ქუჩას. ზოგი საით, ზოგი საით! იფანტებიან ბავშვები. უმეტესობა ჯინჭარაძის ქუჩით გაემართა. ვიწრო ქუჩაა, ვიწრო ტროტუარით. ათასში ერთხელ თუ გაივლის აქ მანქანა, ან სად იყო ამ დროს ბათუმში ამდენი მანქანა? უდარდელად მოვდივართ შუა ქუჩით. მივუახლოვდით მუზეუმს და, ჩვენდა ჭირად წინ შემოგვეგება მილიციის ოფიცერი, ვიღაც ღლონტი, უკვე ხანში შესული კაცი, ახალგაზრდა მილიციელის თანხლებით, რომელიც, ეტყობა, სტაჟირებაზე თუ იყო, ფორმაც კი არ ეცვა.


ეს ღლონტი უცებ შედგა და შემოგვიბღვირა:
_ შუა ქუჩაში რატომ მოდიხართ?.. რას გავს ეს!
_ ვერ ვეტევით-მეთქი, _ ვუპასუხე სავსებით ნორმალურად.
_ ჰაიტ! _ იღრიალა მილიციელმა, _ მე მოგცემთ თქვენ „ვერ ვეტევითს“… ხულიგნები!.. თავხედები!.. წაგათრევთ ახლა დირექტორთან და გიჩვენებთ სეირს! უყურე ერთი ამათ!.. „ვერ ვეტევითო!“

ჰოდა, არ ვიცი რატომ, ჩემთან ერთად მომავალი ზაალ კაკაბაძე და ანზორ ციცხვაია შეარჩია.
არ შევწინააღმდეგებივართ. გავყევით თვინიერად. გაოცებული შემოგვჩერებიან ბიჭები. ზოგი გამოგვყვა უკან სეირის სანახავად.

შეგვიყვანეს დირექტორის კაბინეტში. კაცმა რომ თქვას, ეს მილიციელი, მილიციელის თვალსაზრისით, არაფერს აშავებდა. გონივრულადაც მოიქცა: ჩაგვაბარა პედაგოგებს _ სკოლას. არაფერი დაუმატებია, არაფერი გადაუჭარბებია, ყველაფერი ისე უთხრა დირექტორს, როგორც იყო. ამ თვალსაზრისით არავითარი პრეტენზია არ გვქონია, მაგრამ, აი, დირექტორი კი ნამდვილად ვერ მოიქცა პედაგოგიურად:

_ წაიყვანეთ მილიციაში და იქ აგონ მაგენმა პასუხიო.

მილიციელი დაიბნა: რა ქნას ახლა? იმედი ჰქონდა ჩვენგან განთავისუფლდებოდა და მოგვიშორებდა თავიდან, ახლა კი?.. არა-და, გაგვიშვას? _ ეს ხომ მისი პრესტიჟის დაცემაა. მაშ, რა გვიყოს? გამოგვასხა სკოლიდან; ბედად თუ სავალალოდ, იქვე გამოიარა სატვირთო მანქანამ _ „პალტარატონკამ“, გააჩერა, შეგვყარა ძარაზე, მოგვიჩინა ახალგაზრდა მილიციელი და წამში მილიციაში მიგვაქროლა, თეატრის უკან, ორსართულიანი პატარა შენობის ნახევრად სარდაფში და მორიგეს ჩაგვაბარა. ფანჯრებიდან, კარებიდან იჭყიტებიან ჩვენი მოსწავლეები. პატარა საქმეა? ასეთი ბიჭები დააპატიმრეს და არავინ იცის რატომ?
ყველა გვიცნობდა სკოლაში. მე კომიტეტის მდივანი სკოლის კომკავშირლებს ვხელმძღვანელობ, ზაალი მოსწავლეთა კომიტეტის თავმჯდომარეა, ორივენი აქტიურად ვმონაწილეობთ სკოლის თვითშემოქმედებაში. თვე არ გავა, ლექსების თქმა ან პიესაში მონაწილეობა არ მოგვიწიოს. ანზორიც ხშირად გამოდის ჩვენთან ერთად სცენაზე, ამას გარდა, ის ხომ ყველაზე წარჩინებული მოსწავლეა... რა ხდება?

ნახევარი საათიც არ გასულა და, საიდან გაიგეს ასე უცებ, საოცარია, მოვიდნენ ჩვენი შეშინებული მამები და დატრიალდა კარუსელი. მაგრამ ამით საქმე არ დამთავრებულა. რა თქმა უნდა, გაგვიშვეს, რა თქმა უნდა, დირექტორმა საყვედური მიიღო, რა თქმა უნდა, გვატარეს და ახსნა-განმარტებები გვაწერინეს, რა თქმა უნდა, უდანაშაულოდ გვცნეს, და რა თქმა უნდა, მილიციელი ღლონტი დასაჯეს ამგვარი „წარჩინებული ოპერაციისათვის“.

Комментариев нет: