среда, 1 октября 2008 г.

სკოლის ისტორია. ბოლო წლები.

დირექტორი და სასწავლო ნაწილის გამგე სისტემატიურად ესწრებოდნენ გაკვეთილებს. ეს არ იყო შიშისმომგვრელი (როგორც ადრე ხდებოდა სკოლებში). ჩვეულებრივი, როგორც თვითონ ამბობდნენ, "აზრის გასაზიარებელი" გაკვეთილები. ხშირად ვიგონებ, როგორ არჩევდნენ შემდეგ ამ გაკვეთილებს: ლამაზად, მოზომილად. ყველა კარგს აუცილებლად აღნიშნავდნენ, თუ რაიმე ნაკლს აღმოაჩენდნენ, დასძენდნენ: "მგონი", "უკეთესი ხომ არ იქნებოდა"; "ვცადოთ ასე"; "ნახეთ, სხვაგან როგორ კეთდება" და ასე შემდეგ.

ამიტომაც, მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც სიხარულით გადიოდნენ სკოლაში. დამლაგებლებიც კი სხვანაირები იყვნენ: სულ გაღიმებულები ეგებებოდნენ ყველას.

დირექტორი მკაცრი იყო, მომთხოვნი, მაგრამ სამართლიანი. მისაბაძი იყო მისი ყველა მოქმედება _ დაწყებული ჩაცმულობით, საუბრით, სხვისადმი დიდი ყურადღებითა და სითბოთი. ქალბატონ ნატოს ალბათ შენახული ექნება თავისი მოხსენებები, რაც ძალიან გაამდიდრებდა სკოლის მუზეუმის არქივს.

გაუგებარი დარჩა, ვისი ან რისი მიზეზით, რატომ გაიყო ეს სკოლა და მერე რატომ შეერთდა. ფაქტი კი ერთია: არც მასწავლებლებს და არც მოსწავლეებს არ დაავიწყდებათ "ელემენტარულ" სკოლაში გატარებული სამი წელი.

კვლავ ერთად ვართ ყველა ჩვენს #2 საშუალო სკოლაში. ყველაფერი ძველებურად არის: მუზეუმის საქმე არავის არ აინტერესებს. მე კი მენანება ამდენი შრომა. 2000 წლის 26 სექტემბერს ჩვენს სკოლას დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა. თარიღის აღსანიშნავად ზარიც არ დარეკილა. მეც შემეძლო მეყვირა, დამერეკა, მაგრამ ალბათ წყენამ, ტკივილმა დამძლია.

2005 წლის აგვისტოში გავედი პენსიაზე. იმედი, რომ მუზეუმი გაკეთდებოდა, აღარ მქონდა. არა და რამდენი რამე მაკავშირებს ამ სკოლასთან (ტერიტორიულადაც კი): ბაბუას შენობის ასაშენებლად 100 მანათი გადაუხდია, მამიდამ, ჩემმა მეუღლემ, სამმა შვილმა ეს სკოლა დაამთავრეს. დედაც და მეც ამ სკოლიდან გავედით პენსიაზე. რამხელა სურვილი მქონდა, რომ ამ სკოლაში მომუშავე მასწავლებელზე აღნუსხული ყოფილიყო ყველაფერი _ სურათებიც, მასალებიც. ვიმედოვნებდი, რომ გავაკეთებდით სკოლის მუზეუმს: ყველა კურსდამთავრებული დატკბებოდა საკუთარი კლასის სურათების, ცნობების ხილვით. მე ბევრი მოვიძიე, აღვადგინე. მაქვს 1902 წლის, 1909, 1918, 1924, 1935, 1938, 1940 და ა.შ. წლების ყველა მასწავლებელთა სიები და მოსწავლეთა გამოშვების სურათები. და რაც ყველაზე მთავარია _ პირველი გამოშვების სურათი, რომელსაც აწერია 1904 წელი.

ამობეჭდილი მაქვს ყველა დირექტორის დანიშვნისა და განთავისუფლების ბრძანებები, მათი სურათები (ნაწილი მუზეუმის განადგურების დროს დაიკარგა); მაქვს მეტად საინტერესო ცნობები სკოლის ბიბლიოთეკაზე, განსაკუთრებით კონა გიგინეიშვილის ღვაწლზე.

მაქვს მოსწავლეების მიერ სკოლაში სხვადასხვა დროს ხელნაწერი გაზეთები, ალბომები; მოგონებები მასწავლებლებზე, ერთმანეთზე. შეგროვებული მაქვს მასალები ჩვენ სკოლადამთავრებულ სპორტსმენებზე. და, რაც მთავარია, მასალები ყველა სახელოვან ადამიანზე, ვისაც ჩვენს სკოლაში მიუღია განათლება. ასეთები კი ძალიან, ძალიან ბევრია, აქ ყველაფერი ვერ ჩავატიე. საჩქარო კი არის: მიდის ძველი თაობა. მათ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლიათ ჩვენი სკოლისთვის. საჩქაროა, არ დაიკარგოს. მასწავლებლის დიდ შრომას დაფასება ყოველთვის უხდებოდა და ალბათ ასე უნდა იყოს მომავალშიც. მასწავლებელმაც ძალიან უნდა შეაყვაროს მასწავლებლობა მომავალ თაობას.

აი სია ბათუმის #2 საჯარო სკოლაში მომუშავე პედაგოგებისა. მათშიც არიან ჩვენი სკოლადამთავრებულები, შესანიშნავი, შრომისმოყვარე, ენერგიული პედაგოგები.

ბევრია ძველი, დამსახურებული, სახელოვანი მასწავლებელიც. მათ შრომას, ღვაწლს როგორ უნდა დაფასება! იყო დრო, როცა ალბათ ყველამ (არსებობისთვის) პროფესია შეიცვალა, პედაგოგები კი გასამრჯელოდ, ისიც არა სისტემატიურად, კუპონებს ღებულობდნენ. მათი შრომა მართლა გმირობა იყო. არც ერთ მათგანს ბავშვებისთვის არ უღალატია. სკოლა იყო მაინც სკოლა. ახლაც მათ სკოლისადმი, საქმისადმი სიყვარული ამოძრავებთ. ვეფერები ყველა მათგანს და იმედს არ ვკარგავ, რომ ჩვენს სკოლაში (მათი დიდი მონდომებით) იქნება მუზეუმი, რომელშიც მათი შრომა იქნება აღნიშნული და დაფასებული.

1 комментарий:

mediko комментирует...

cira maswavlebelo cven aucileblad avasrulebt tqvens ocnebas da skolistvis sachiro saqmes gavaketebt.cven iseti direqtori gvkavs rom aucileblad dagikacshirdebaT, darwmunebuli xom xart rom me romvkofilikavi mashin organizatori amas ase atr davtovrbdi. Zalian did gonisZiebas gavakeTebT da muzeumsac ra tqma unada tkventan ertad--pativiscemit medea cincaZe.gkocniT