среда, 1 октября 2008 г.

საინტერესო ღონისძიებები

ბევრ საინტერესო ღონისძიებას ატარებდნენ კლასის დამრიგებლები. მაგ. დოდო ქინქლაძის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები აგროვებდნენ მასალებს სამამულო ომში დაღუპულებზე.

ც. შარაძის დირექტორობის დროს სკოლას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ავტონომიური რესპუბლიკის რამდენიმე რაიონის სკოლებთან. მერე მეგობრობა დამყარდა თბილისის #53-ე სკოლასთანაც. მათ ბავშვები მოგვიყვანეს, შემდეგ ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ მათთან საინტერესო ღონისძიებებით. თბილისის რუსთაველის სახ. თეატრის მსახიობები გვესტუმრნენ, ჩაგვიტარეს დიდი კონცერტი, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა თავი ისახელეს მხატვრული კითხვით, ცეკვითა და სიმღერით.

სკოლაში ხშირად მოდიოდნენ ჩვენი ყოფილი მოსწავლეები, ხშირად _ უკვე პენსიონერებიც. მათთან შეხვედრა ტრადიციულად სადღესასწაულო ვითარებაში ტარდებოდა. აი, ერთ-ერთი ძველი ჩანაწერიც:

1983 წლის 17 სექტემბერი. ჩვენი სკოლა არაჩვეულებრივად, საზეიმოდ გამოიყურება. ყველა მოსწავლე და მასწავლებელი რაღაცა სასწაულის მოლოდინშია. პირველკლასელები პატარა თაიგულებით ხელში გულისფანცქალით იმეორებენ ლექსებსა და სიმღერებს. მოსწავლეთა კომიტეტის წევრები ტრიალებენ, წესრიგს ამყარებენ მთელ სკოლაში ზემოთ და ქვემოთ.

გაბმულად გაისმის ზარის ხმა. გაიღო სკოლის სადარბაზო კარები და შემოვიდნენ 1963 წლის ჩვენი უკვე ჭაღარა სკოლადამთავრებულები. ისმის მუსიკის, სიმღერის ხმები.

კურსდამთავრებულებს წინ შეხვდნენ პირველკლასელები თაიგულებით ხელში. შემდეგ _ პიონერები, ოქტომბრელები, კომკავშირლები, ყველა კლასის წარმომადგენლები, რომლებიც მთელი შესასვლელის გასწვრივ დგანან. ზემოთ, მეორე სართულზე, მათ ჩვენი მეთერტმეტეკლასელები ხვდებიან.

საოცარი სანახავია ჩვენი სკოლა.

სტუმრები ყველა საკლასო ოთახში შედიან, ათვალიერებენ, ესიყვარულებიან საკუთარი სკოლის ყველა კუთხე-კუნჭულს. ზოგ მათგანს მშობლებიც კი წამოუყვანია, რომლებსაც ეს სკოლა დაუმთავრებიათ.

ბოლოს სასიქადულო სტუმრები თავისი მასწავლებლებით, ახლა უკვე პენსიონერები: ქ. ცხომელიძე, თ. კვაჭაძე, მ. კეჩხუაშვილი, ქ. ინწკირველი, თ. ცქიტიშვილი, ქ. კალანდარიშვილი, დ. ქინქლაძე, ნ. ხინიკაძე, ა. სიხარულიძე, მ. ბორჩხაძე სკოლის დირექტორმა ციალა შარაძემ დარბაზში შეიპატიჟა.

სცენაზე ღონისძიება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს თამრიკო ჭანტურაიასა და მიშიკო გურგენაძეს მიჰყავთ.

თ. ჭანტურაია კიღხულობს რ. მარგიანის ლექსს (რომელიც სკოლაში შემოსვლის დროს წაუკითხავს) _ „სკოლის კართან მელოდება ჩემი თავი ცეროდენა“. ლექსმა და თამრიკომაც ისეთი შთაბეჭდილება დატოვეს, რომ სტუმრებიც და მასპინძლებიც თავს ვერ იკავებენ, ცრემლებს იწმენდენ.

სცენაზე არიან 1963 წლის კურსდამთავრებულები დამრიგებელ მ. კეჩხუაშვილთან ერთად. სიტყვას ამბობენ მ. კალოიანი, ნ. პაიჭაძე, ო. დოლიძე, დ. შავთვალაძე, დ. მაზმანიშვილი. ისინი თითქოს ანგარიშს აბარებენ სკოლას. მათ გვერდით ამოუდგნენ შვილები _ ჩვენი სკოლის მოსწავლეები: ნატო და გოჩა აბაშიძეები, რატი ჩიბურდანიძე, ვახტანგ კალოიანი. ახალი თაობის მოსწავლეები კი, თავის მხრივ, მათაც და საკუთარ აღმზრდელებსაც პირობას აძლევენ, რომ ასეთები და შეიძლება უკეთესებიც ვიქნებითო.

მოსწავლეები ასრულებენ სიმღერებს, ცეკვავენ, კითხულობენ ლექსებს.ჩვენი სკოლის საამაყო მეათე კლასელი გოგლა გოგიბერიძე კითხულობს მ. მაჭავარიანის ლექსს „ვითარცა მტკვარი“.

ბოლოს, 1963 წ. კურსდამთავრებულებმა თავის მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და 1983 წ. პედაგოგებთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოსურათები.

Комментариев нет: