среда, 1 октября 2008 г.

სკოლის მუზეუმის ისტორია

I საშუალო სკოლაში 1978/1979 სასწ. წელს გადმოვედი #2 საშუალო სკოლიდან. სკოლის დირექტორი იყო ბატონი ზია კომახიძე, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი ჩემი მშობლებისაგან. სკოლის პედკოლექტივიც ახლობელი იყო ჩემთვის. სანამ დედა პენსიაში გავიდოდა, სკოლაში ყველა ღონისძიებას ვესწრებოდი, ისედაც ყველა ჩვენს ოჯახში იყრიდა თავს. ყვებოდნენ სკოლის წარსულზე, იგონებდნენ წარსულ პედაგოგებს, სინანულს გამოთქვამდნენ, რომ ასეთ ხალხზე ახალგაზრდობამ არაფერი იცის. ნეტავი წასული პედაგოგების სურათები მაინც ინახებოდეს სკოლაშიო. ხშირად სიამაყით იხსენებდნენ იმათ, ვინც სკოლა დაამთავრა და ახლა საამაყონი არიან. მე მინახავს სკოლის მაშინდელი ბიბლიოთეკა - უმდიდრესი და უძველესი. სკოლაში იყო ხალიჩები, რომლებსაც ფენდნენ ღონისძიებების დროს. იყო უძვირფასესი ჭურჭელი, რომელზედაც ამოტვიფრული იყო Ж. Г. Батуми (Женская гимназия г. Батуми), იყო სასულე ორკესტრის ყველა ინსტრუმენტი (ახლახან ანდერკინ კოპლატაძემ გამოსცა მოგონებების წიგნი, რომელშიც სასწაული სიზუსტით აღეწრს ჩვენი სკოლის სასულე ორკესტრს). ინახებოდა ბროლის დიდი ვაზები, სარკეები, დიდი საათები, სპორტული თასები, რომელთაც უკან ამოტვიფრული ჰქონდა, თუ რომელი წლის კურსდამთავრებულებისაგან იყო ისინი დატოვებული სკოლაში.

დედას ჰქონდა ალბომები, სურათები, წერილები, ჩანახტები, მოსაწვევი ბარათები, მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებებისადმი. ყოველივე ამის ნახვა სიამოვნებას მგვრიდა.



მასწავლებელი ა. ტუზოვა, რომელიც მაშინ რუსულ ენას ასწავლიდა, 1954 წელს დედასთან (მარიამ კეჩხუაშვილთან) ყვებოდა _ მე ეს სკოლა მაქვს დამთავრებული, როცა ქალთა გიმნაზია იყოო . გვაჩვენებდა მის მაშინდელ სურათებს და გვიყვებოდა მასწავლებლებზე (დაახლოებით 19o4-1905 წლების შესახებ): _ ისეთი სისასტიკე, სიმკაცრე იყო სკოლაში, რომ ბუზის ხმას გაიგონებდითო. ხშირად იმართებოდა საღამოები, სადაც ნება გვქონდა მოვსულიყავით გამოსასვლელ ტანისამოსშიო. დირექტორი კი ისეთი გრძელი კაბებით დადიოდა, რომ ბავშვები მივყვებოდით უკან და კაბის კუდს ვუწევდითო. სურათები ტუზოვას პატარა ძველებურ ალბომებში ჰქონდა, ალბომები კი _ პატარა ზანდუკში.

მოყოლილიც და ნანახიც ძალიან მაინტერესებდა. მერე ბაბუამაც რომ თქვა, დედათქვენი სადაც მუშაობს, მაგ სკოლის აშენებისთვის „ასი მანათი ოქრო“ მაქვს გადახდილიო, მაშინ მაგ სკოლა ქალთა გიმნაზია იყო, პირველი მთელ ბათუმშიო. უფრო დავინტერესდი და დავიწყე რაღაცეების შეგროვება ამ სკოლაზე. ჩემი ეს გატაცება ყველამ იცოდა და შეძლებისდაგვარად მეხმარებოდნენ: მაძლევდნენ ძველისძველ ფოტოებს, ღია ბარათებს წარწერებით...

ზია კომახიძის შემდეგ დირექტორად ჩვენი სკოლადამთავრებული ოქროს მედალოსანი, წარჩინებული მოსწავლე ციალა შარაძე დანიშნეს. იგი სკოლაში რუსულ და ინგლისურ ენებს ასწავლიდა. მანაც გაიგო ჩემი გატაცების შესახებ და ერთხმად გამოვთქვით სურვილი სკოლაში სკოლის მუზეუმი დაგვეარსებინა. დავიწყეთ ფიქრი, სად შეიძლებოდა ეს მოგვეთავსებინა, პირველ თუ მეორე სართულზე. უკვე საჭირო იყო სპეციალისტის აზრი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მუზეუმი. ვნახე ჩვენი სკოლადამთავრებული, ცნობილი მხატვარი რუხაძე, მოვიწვიეთ სკოლაში, ავუხსენით ჩვენი სურვილი. მისგან შევიტყვეთ საინტერესო ამბავი, თურმე როცა მან სკოლა დაამთავრა, სამხატვრო სკოლაც ამავე შენობაში ყოფილა, ოღონდ შესასვლელი ტელმანის ქუჩიდან ჰქონდაო და მთლად გამოყოფილი არ ყოფილა ამ შენობიდანო.


მან აგვიხსნა, რომ მუზეუმის ოთახი უნდა ყოფილიყო დიდი, ნათელი, წყნარი, დაგვიხატა და დაგვიხაზა ოთახის მიახლოებითი მოდელი, თანაც გამოგვიანგარიშა, თუ რა ეღირებოდა ყოველივე ამის შესრულება. ეს თანხა უსაშველოდ დიდი აღმოჩნდა, ჩვენ კი მას ვერაფრით შევწვდებოდით, ამიტომ ეს საქმე გადაიდო. ამ მხატვარს გაუკეთებია ჩვენი სკოლის მაკეტი და გადაუცია კომახიძისთვის. იგი ახლა საბუღალტრო ტექნიკუმში იმ ტექნიკუმის მუზეუმს ამშვენებს. მე ვნახე ის მაკეტი, ვთხოვე სკოლისთვის ეჩუქებინა, მაგრამ მან მითხრა: მიუხედავად იმისა, რომ ეგ ჩემი სკოლაც არის, ძალიანაც მიყვარს, მაგრამ ვერ მოგცემთ. მერე ვნახოთ, როცა გააკეთებთ მუზეუმს, ეგება აზრი შევცვალოთო.


მე სპეციალურად ვიყავი კიევში, თბილისის ოთხ სკოლაში სკოლა-მუზეუმების სანახავად. შევისწავლე, ჩავიხატე ბევრი რამე და მთელი ძალით შევუდექი მუზეუმის გახსნის საქმეს. ვინც გაიგო, სკოლადამთავრებულებმა, ჩემი სურვილის შესახებ, ლამის მეხვეწებოდნენ დააჩქარეთ, მიგვიწვიეთ ჩვენს სკოლაში და ბევრ რამეში დაგეხმარებითო.


ოფიციალურად დავიწყეთ მუშაობა ბათუმის არქივში. არქივის დირექტორი იყო ტაბაღუა. მან ძალიან თბილად მიმიღო და დამპირდა, ყველაფერში დაგეხმარებითო (მაშინ ასე არ იღებოდა არქივის კარები). პირველ ხანებში თან დამყვებოდა ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლე ნონა წოწორია. იგი ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა.


ყოველდღე უნდა დამეწერა ასეთი თხოვნა:


აჭარის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს: _ გთხოვთ დამრთოთ ნება (ნომრები უნდა ყოფილიყო მითითებული) ფოტო მასალის ამოღებაზე, რომლებიც თქვენს არქივში ინახება.


არქივის ყველა თანამშრომელი ძალიან თბილად და დაუღალავად გვემსაუხურებოდა (რამდენი წელი არც კი მოვბეზრებივართ არავის).


მუზეუმის ოთახისთვის საჭირო იყო თანხა. გამოვნახეთ გზა: _ შემოწირულობები. ბანკში გაიხსნა ანგარიში, შეგროვდა 2380 მან. ეს მაშინ დიდი თანხა იყო. არ მახსოვს არავის გვარი, ვინც თანხა გაიღო. ვიცი კი, რომ ანგარიში გახსნა ოთარ დვალიშვილმა, რომლის სამი შვილი: გელა, ილია და ირაკლი ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლეები იყვნენ. დვალიშვილი სხვა რამითაც დაგვეხმარა. მოგვცა სხვადასხვა მატერიების ხუთი თოფი (მხატვარმა გვითხრა, კედელზე მატერიები გააკარითო). თითო ფუთში ასი მეტრი იყო. ეს მატერიები, სანამ დაგვჭირდებოდა, დირექტორის კაბინეტში, დივანში შევინახეთ. თუ რამ გვქონდა სკოლადამთავრებულთაგან ნაბოძები დირექტორის კაბინეტში წიგნების კარადის ორ თაროზე მოვათავსეთ: ბროლის ვაზები, ვერცხლის თასები, სურათები, ალბომები, სპორტული ვიმპელები, თასები და სხვა. ყველა ამათ წარწერები ამშვენებდა.


გადიოდა დრო. ოთახს სკოლის მუზეუმისთვის ვერ ვპოულობდით. ბოლოს, პირველ სართულზე ეზოდან ბიბლიოთეკა ავარჩიეთ. მას ორი ოთახი ეკავა, წინა დიდი, ნათელი და უკანა უფრო პატარა. ბიბლიოთეკას დაეთმო მეორე სართულზე სამასწავლებლოს იქეთ ორი პატარა ოთახი. წიგნების გადაზიდვას, დალაგებას დიდი დრო დასჭირდა.


ამ ხანებში აღმოვაჩინე სამხატვრო ტრესტი, რომელიც დაგვთანხმდა ჩაეტარებინა რემონტი. ტრესტს ხელმძღვანელობდა ვახტანგ გრძელიძე. მან მუშაობის ჩასატარებლად გამოგვიგზავნა სამი ახალგაზრდა:
1. დავითაძე გურამი
2. ბექაია გივი
3. კაშოიანი ლოვა
დაიწყეს მუშაობა, როგორც უნდა გაკეთებულიყო. პროექტი წინასწარ იყო შემუშავებული. კედლებზე გაკრული იყო მეტრნახევრიანი სიმაღლის ხის პანელები. დანარჩენი სიმაღლე შეიღება. ჭერი ძალიან მაღალი იყო და გადაწყდა ჩამოსაკიდი ჭერის გაკეთება. ბოლოს უნდა გამოცვლილიყო იატაკი.


ჩვენ დროებით მეორე ოთახი ვერ გაგვინთავისუფლეს და ამიტომ, იმ ოთახის კარები ჩაკეტილი გვქონდა (შიგ წიგნები იყო დალაგეული თაროებზე). ჩვენმა სკოლადამთავრებულმა ცნობილმა მხატვარმა ვაჟა ბჟალავამ გაგვიკეთა სკოლის ემბლემა, რომელზეც მითითებული იყო სკოლის დაარსების თარიღი (100 წელი). რემონტი კეთდებოდა და თან ლაგდებოდა. კედელზე, მარცხენა მხარე მთლიანად დათმობილი ჰქონდა აჭარის განმანათლებლებს. ილიას, ი. იმედაძეს, ჭიჭინაძის, მ. აბაშიძის, (მაშინ აბაშიძეზე არავინ არაფერი იცოდა) ვოლსკის დიდი სურათები იყო გაკრული, ქვემოთ კი მათი ბიოგრაფიები.


მარჯვენა მხარე დაეთმო სკოლის მატიანეს, შენობის აშენების ისტორიას. ეს დიდი ფორმატის სტენდები იყო (ერთი გადარჩენილი სტენდი ახლა ჩემთან ინახება). 2000 წელს გვინდოდა ზეიმით აღგვენიშნა სკოლის დაარსების 100 წლისთავი. სამწუხაროდ სკოლის დაარსებიდან 100 წლისთავი არ აღინიშნა.

იმავე კედელზე გაკრული იყო ყველა დირექტორის სურათი: გვარი, სახელი და სკოლაში მოღვაწეობის წლები.ოთახში პირდაპირ ფანჯრების ქვეშ გავაკეთეთ უჯრები (პლასტმასის იყო. შემდეგ ერთ-ერთის ნაწილი ნანი აფხაძეს ჰქონდა კაბინეტში). უჯრებში ჩავაწყე საჩვენებლად რამდნეიმე სურათი, წიგნები, რომლებიც უჩუქებიათ ე. მელუასათვის და თ. კვაჭაძისათვის (საკუთარი ნაშრომები), რამდენიმე ალბომი. კედლებს შუა გააკეთეს მოძრავი სტენდები. მე-2 სკოლიდან მოვიტანე მოსწავლის ძველებური მერხი. ძლივს ვიშოვე ძველებური ორი სამელნე, კალამი, მოქსოვილი აბგა და სამელნის ჩასადები. მხოლოდ ერთი მხარე იყო შეუვსებელი. თავზე კი დიდი ასოებით ეწერა: “ჩვენი სკოლა დღეს”. სურათები კი იყო მზად, მაგრამ დილის გამამხნევებელი ვარჯიშის დროს გადაღებულები დირექტორმა არ მოიწონა. ამიტომ ჩვენს ფოტოგრაფს ვთხოვეთ გაედიდებინა და ცოტა ჩქარა დაემზადებინა.


მოსატანი იყო მაგიდა, რომელიც ზემოდან უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე პლასმასით დაფარული, რომ ქვემოთ დალაგებული წიგნები და ალბომები გამოჩენილიყო. ჭერის დამთავრებას კი არ დაადგა საშველი. უცბად, სრულიად მოულოდნელად, დირექტორი ც. შარაძე საკუთარი სურვილით სკოლიდან წავიდა. სკოლაში ყველაფერი აირია (ა. აბაშიძე მოვიდა სათავეში). აღარავის ეცალა და არც სჭირდებოდათ სკოლის მუზეუმი.


გადიოდა დრო. ჩვენი მუზეუმის კარები ჩაკეტილი იყო, მუშებიც აღარ მოდიოდნენ. ახალმა დირექტორმა ლ. ჭანტურაიამ გულისტკივილით აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით ამისი დრო არ არისო. რამდენჯერმე დაურეკავთ მისთვის ბათუმში მუზეუმი კეთდება და ბექაიამ თავისი მასალა მოგვცესო. მე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. მუზეუმში ყველა მასწავლებელზე და მოსწავლეზე იყო მასალა თვასაჩინოდ წარმოდგენილი. მათ კი ეს სხვანაირად უნდოდათ. ერთხელ, მთხოვა მაჩვენე რაიმე შენი მასალიდანო. ვაჩვენე პატარა ნაწილი და მითხრა: ამის მიცემა როგორ შეიძლება, ეს ხომ სადოქტორო თემააო. ოთახიც დაათვალიერა და თქვა, ალბათ, დაცლა მოგვიწევს, საკლასო ოთახები არ გვყოფნისო.გავიდა კიდევ წლები, ხელმძღვანელობა იცვლებოდა. მუზეუმზე ლაპარაკი დავიწყებული იყო. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ნება დაგვრთეს რემონტის გაგრძელებისა. მოვძებნე ძველი მუშები (რომლებიც ჯერ კიდევ 1980 წელს მუშაობდნენ მუზეუმის მოწყობაზე). გაფორმდა ოთახის ყველა კედელი. მარცხნივ სტენდები იყო "აჭარის განმანათლებლები" მარჯვნივ სკოლის ემბლემა რომელიც მხატვარმა ვაჟა ბჟალავამ შეასრულა, სკოლის დირექტორების ფოტოსურათები. დამსახურებული და ორდენოსანი (ლენიონის ორდენოსანი) მასწავლებლების ფოტოსურათები და ბიოგრაფიები. გვერდზე განთავსდა სკოლის შენობის აგების ისტორია, სკოლის დაარსებიდან დღემდე.მეოთხე მხარე უნდა დათმობოდა ძველ სურათებს სკოლის ეზოში დილის გამამხნევებელი ვარჯიშების ასახვით (ამ სურათების გადიდება ვერ მოესწრო). შუაში ძველის ძველი შავი მერხი თავისი სამელნეებით. კიდეში მაგიდა შუშის ზედაპირით, რომლის ქვეშ ეწყო სკოლის კურსდამთავრებულთა სამეცნიერო ნაშრომები მასწავლებლებისადმი სასაუქრო წარწერებით, ალბომები (მოსწავლეთა შემოქმედება), სურათები.



ყველაფერი ეს ერთი ხელის მოსმით, ერთ წვიმიან დღეს 13 აგვისტოს დაინგრა და განადგურდა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილი იყო. მეტი ტკივილი ჩემთვის რა უნდა ყოფილიყო. დამთავრდა ჩემი იმედები და ოცნება სკოლის მუზეუმის დაარსებაზე. 1 სექტემბერს დაგეგმილი გვქონდა მუზეუმის საზეიმო გახსნა. მთელი ორი წელი ვეძებდი და ვაგროვებდი დაკარგულ სურათებს. რასაც წინასწარი შეთანხმებით ვინახავდი დირექტორის კარადაში. მას შემდეგ დირექტორი გამოიცვალა, 2007 წლის მაისში მოვიკითხე სამუზეუმო მასალა, რომელიც უნდა ყოფილიყო დირექტორის კარადაში. აღმოჩნდა რომ კარადა ჩემი მოპოვებული სამუზეუმო ექსპონატებიანად საერთოდ გამქრალიყო. განმიმარტეს, რომ კარადა სავარაუდოდ 2 თვის წინ სკოლის რემონტის დროს დაიკარგებოდა.ძებნამ შედეგი არ გამოიღო. ერთადერთი გადარჩენილი ექსპონატი - სკოლის ყოფილი დირექტორის, ირაკლი ღლონტის ხელჯოხი დამიბრუნეს.
კარადაში კი იყო:
  • 1916 წლის კურსდამთავრებული მხატვრის სელეზნიოვა ჩაჩუას შესრულებული ნახატი წარწერით.
  • ბროლის ლარნაკები სპორტული თასებიალბომები მოსწავლეთა ხელით შესრულებული ნამუშევრები,ვერცხლის ფილები წარწერებით თუ რომელ წელს რომელი კლასის მიერ იქნა ნაჩუქარი სკოლისადმი.სკოლის ტრადიციის მიხედვით სკოლადამთავრებულები სკოლის დამთავრების მრგვალ თარიღებს აღნიშნავდნენ სკოლაში და სკოლას უტოვებდნენ სამახსოვრო ნივთს.
  • მიერ გაკეთებული სკოლის ოქროსმედალოსანთა დიდი ზომის ( დაახლოებით 50X30სმ) ალბომი 1947 წლიდან მოყოლებული ოქროს და ვერცხლის მედალოსანთა სიით, ამოტვიფრული წარწერით "ბათუმის ვ.ი. ლენინის სახელობის #1 ქართული სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები".


მუზეუმის დანგრევიდან რამოდენიმე წლის შემდეგ მოვიპოვე ხარჯთაღრიცხვა იმ სამუშაოებისა, რომელიც გაწია ბათუმის სამხატვრო ტრესტმა მუზეუმის გარემონტება-მოწყობისათვის. სამხატვრო ტრესტის ვახტანგ გრძელიძის ქალიშვილი აღმოჩნდა ჩემი მოსწავლე - მარიამ გრძელიძე, რომელიც დამეხმარა ამ დოკუმენტის მოძიებაში.


საბედნიეროდ მუზეუმის გაყიდული ოთახი სკოლამ კვლავ დაიბრუნა. მასწავლებელმა მ. გობრონიძემ ოთახში იატაკი გააკეთა და ოთახმა საკლასო ოთახის სახე მიიღო. ეს ოთახი შემდეგ კერამიკულ სახელოსნოდ გადაკეთდა. 2006 წელს სკოლის დირექტორად დანიშნეს სულიკო თებიძე, მეტად საინტერესო პიროვნება, ბრწყინვალე მათემატიკოსი, საუკეთესო ორგანიზატორი. ამ დროესათვის მე უკვე პენსიაზე ვიყავი გასული. თებიძეს გაუგია მუზეუმის ამბავი, დაინტერესებულა და უთხოვია ჩემთან შეხვედრა. თბილისიდან სპეციალურად სასწრაფოდ ჩავედი ბათუმში. სკოლაში შევხვდი ჩემს ამხანაგებსა და დირექტორს. დირექტორტან საუბარმა არა მარტო დიდი შთაბეჭდიელბა დატოვა ჩემზე, არამედ დიდი იმედიც მომცა. მირჩია შეგვექმნა ინტერნეტ საიტი სკოლის შესახებ ჩემს ხელთ არსებული მასალის საფუძველზე. სამწუხაროდ ს. თებიძემ მალე დატოვა სკოლის დირექტორობა და ჩემი გეგმები კვლავ ჩაიშალა.

თქვენს წინმდებარე ინტერნეტსაიტი გაკეთდა ჩემს მიერ ჩემი ოჯახის წევრების დახმარებით 2008 წელს.

სკოლას 2010 წელს უსრულდება 110 წელი.სკოლის დირექტორი აბაშიძე მოწადინებულია 2010 წლის სექტემბერში სკოლაში ამუშავდეს სკოლის მუზეუმი და აღინიშნოს სკოლის დაარსებიდან 110 წლის იუბიულე.

მუზეუმის დაარსების ამ გეგმას მეც დიდი იმედით ვუყურებ.

1 комментарий:

Unknown комментирует...

ქალბატონო ცირა,დიდი მადლობა ამ ბეწყინვალე ბლოგისთვის, სოციალურ ქსელ-facebook-ში არსებობს #2 საშუალო სკოლის გვერდი, სადაც გაწევრიანებულია უამრავი ყოფილი თუ ახლანდელი მოსწავლე,კარგი იქნება თუ ნახავთ.